გაიგე მეტი ამეთვისტოს შესახებ

ისტორია

ამეთვისტო საუკუნეების განმავლობაში მიიჩნევა როგორც უზადო სილამაზის ქვა, რომელსაც გააჩნია უდიდესი ძალა და ახდენს ემოციებისა და გონების დამშვიდებას. დღევანდელი კლასიფიკაციით ის არის ნახევრად ძვირფასი ქვა, მაგრამ ანტიკურ პერიოდში ის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირფას ქვად მიიჩნეოდა.

ამეთვისტო ყოველთვის დაკავშირებული იყო თებერვლის თვესთან, რომელიც რომაელებმა წყლის ღმერთს, ნეპტუნს მიუძღვნეს. ამიტომ, ტრადიციულად ის ამ თვეში დაბადებული ადამიანების ქვად მიიჩნევა. ის ატარებს როგორც ცეცხლის, ვნების, კრეატიულობისა და სულიერების ენერგიას, ასევე მიიჩნევა სიფხიზლისა და ზომიერების ქვად.

ამეთვისტო გახლავთ კვარცის ნაირსახეობა, რომელიც მსოფლიოს გარშემო მრავალ ადგილზე მოიპოვება. მანგანუმის არსებობა გამჭვირვალე კვარცში ამეთვისტოს წარმოქმნის, ხოლო რკინის დამატებითი რაოდენობა აძლევს მას იასამნისფერ შეფერილობას. მისი ფერი მერყეობს ღია ვარდისფერიდან მუქ იასამნისფერამდე.

სახელი ამეთვისტო ბერძნული სიტყვიდან “amethusthos” მომდინარეობს, რომელიც “ფხიზელს” ნიშნავს. უძველესი ლეგენდის თანახმად ღვინის ღმერთმა, ბახუსმა, შეურაცხყოფისაგან გაბრაზებულმა გადაწყვიტა პირველივე შემხვედრზე ეძია შური და თავისი ვეფხვების საჯიჯგნად გაემეტებინა. ამ უიღბლობას მშვენიერი მსახური, ამეთვისტო ემსხვერპლა., რომელიც ქალღმერთ დიანას სათაყვანებლად მიდიოდა.

როდესაც ქალღმერთმა იხილა მსახურისკენ დაძრული გაშმაგებული ვეფხვები, დაიცვა იგი და სუფთა, თეთრ კრისტალად გადააქცია. ბახუსმა, რომელიც ნანობდა თავის სისასტიკეს, კრისტალზე ყურძნის წვენი დაასხა. სწორედ აქედან მიიღო ქვამ უმშვენიერესი იასამნისფერი შეფერელობა.

მრავალი წლის განმავლობაში, ამეთვისტოს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის სიმთვრალისაგან იცავდა. ძველი ბერძნები და რომაელები სასმისებს ამეთვისტოსგან ამზადებდნენ. სჯეროდათ რა, რომ მინერალი მათ ინტოქსიკაციისგან დაიცავდათ.

ხოლო კრისტალი, რომელსაც სხეულზე, განსაკუთრებით კი მუცელზე იდებდნენ, აფხიზლებდა მათ, არა მხოლოდ ჭარბი სასმლისგან, არამედ ჭარბი ვნებისგანაც კი. კათოლიკე მღვდლები მისტიკური ზემოქმედებისგან დასაცავად ამეთვისტოს ბეჭედს ატარებდნენ. ბეჭედზე ამბორი კი იცავდა სხვებს იმავე გავლენისაგან.

“სულიერ სამყაროში ამეთვისტო გვაკავშირებს ღვთაებრივ ენერგიასთან”

ამეთვისტოს ზოგიერთი ისტორიული მნიშვნელობაა მისი შესაძლებლობა აკონტროლოს ნეგატიური აზრები. ის მოგზაურებს იცავდა გზაში თავდასხმებისგან, ხოლო მეომრებს ბრძოლაში ზიანისაგან. სხვა მხრივ, ამეთვისტო მიიჩნევა ძლიერ ქვად, რომელიც შავი მაგიის ზემოქმედებისგან იცავს მის მფლობელს. ასუფთავებს ენერგეტიკულ ველს არა მხოლოდ სხვების გავლენისგან, ასევე მიჯაჭვულობებისგანაც. ქმნის ძლიერ დამცავ სინათლეს სხეულის გარშემო და წარმოშობს ბარიერს დაბალი ვიბრაციების მიმართ.

ამეთვისტოს თვისებები

ამეთვისტო საოცარი თილისმაა ხელოვანი ადამიანებისათვის. ის ხელს უწყობს ისეთ მცდელობებს, სადაც საჭიროა ახალი, ორიგინალური შედეგების შექმნა წარსულის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით. ის ხშირად გამოიყენება როგორც ხელოვანის ქვა, კომპოზიტორის ქვა, გამომგონებლის, პოეტისა და მხატვრის ქვა.

“ამეთვისტო”, რომელსაც “უნივერსალური მკურნალი” ეწოდება, არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კრისტალი ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების სამკურნალოდ. ბუნებრივი გაუპრიალებელი ამეთვისტოები ან გეოდები განსაკუთრებით სასარგებლოა იქ, სადაც მცენარეები არ იზრდება. ის ეწინააღმდეგება დედამიწის უარყოფით ენერგიებს, გვიცავს ფსიქიკური შეტევებისგან, პარანორმალური ზიანისაგან და ცუდი სურვილებისგან. მინერალი იღებს ნეგატიურ ენერგიას და უკვე ტრანსფორმირებულ, დადებით ენერგიას უბრუნებს სამყაროს.

ემოციური განკურნება

ამეთვისტო განსაკუთრებით ეხმარება ადამიანის სულიერ სხეულს. რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს და აქვს სტრესის მაღალი დონე. ამცირებს ფსიქიკურ დაძაბულობას, თავის ტკივილს და შეუცვლელი კრისტალია ფიცხი ადამიანებისათვის.

ამეთვისტო გვეხმარება გავიგოთ იმ უარყოფითი ქმედებების, ჩვევებისა და ემოციების მიზეზი, რომელიც იწვევს დისბალანსსა და ავადმყოფობებს. ის ასევე გვეხმარება დამოკიდებულებების დაძლევაში და თავისი მშვიდი ენერგიით ასტიმულირებს გონების ფუნქციონირებას.

ამეთვისტოს ენერგია ასტიმულირებს მესამე თვალს, გვირგვინისა და ეთერულ ჩაკრებს. ამ მინერალით მედიტაცია სასწაულებს ახდენს ბლოკადების მოხსნისა და მესამე თვალისა თუ გვირგვინის ჩაკრის დაბალანსების მხრივ.

ამეთვისტოს ფერის ენერგია

ამეთვისტო მეწამული-იასამნისფერია, რომელიც ერთდროულად დასაწყისსა და დასასრულს აკავშირებს. ღია ფერის კრისტალი გვეხმარება დავინახოთ ჩვენი თავი, ისეთი, როგორსაც სხვები გვხედავენ. მუქი ფერის მინერალი კი თვითსწრაფვისა და თვითცოდნის უნარს გვანიჭებს.

ამეთვისტოს უმაღლესი მნიშვნელობა

“მე არ მჭირდება რაიმე ზედმეტი, იმისათვის რომ თავი კარგად ვიგრძნო”.

ქალღრმერთის კრისტალი – ამეთვისტო

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ამეთვისტო ნადირობისა და ნაყოფიერების ქალღმერთის, არტემიდას სიმბოლო იყო. ის განასახიერებს იმ ტყეებისა და მთების სიყვარულს, სადაც ის ცხოვრობს.

ამეთვისტო, ასევე, განასახიერებს რომაული მთვარის ქალღმერთს, ცხოველების მფარველ დიანას.

ამეთვისტო – ფენ-შუი

ამეთვისტო. ცეცხლის ენერგიას უკავშირდება. ეს არის ენერგია, რომელიც განასახიერებს ენთუზიაზმს, სითბოს, სინათლეს, ილუმინაციასა და აქტიურობას. პირველ რიგში, ის არის იან ენერგია, შემდეგ კი სიმხურვალის ენერგია, მოქმედება, ემოცია და ვნება – იდეების, კონცეპტებისა თუ სექსის.

ცეცხლის ენერგია ტრადიციულად სახლისა თუ ოთახის სამხრეთ ნაწილს უკავშირდება. ეს არის დიდებისა და რეპუტაციის კუთხე. გამოიყენეთ ამეთვისტოს ძალა იმისათვის, რომ გააძლიეროთ თქვენი პოზიცია, ოჯახსა თუ საზოგადოებაში.

ქვის მოვლა

უარყოფითი ენერგიისგან გასაწმენდად 1 ღამის განმავლობაში გააჩერეთ მინერალი ზღვის მარილისა და წყლის ნაზავში.

ჩაკრა – მესამე თვალის ჩაკრა, გვირგვინის ჩაკრა
თვე – თებერვალი
ზოდიაქო – ქალწული, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები
პლანეტა – იუპიტერი
სტიქია – ჰაერი, წყალი 
ვიბრაცია – ციფრი 3

აღსანიშნავია, რომ ამეთვისტო შეუძლია ატაროს ნებისმიერმა ზოდიაქოს წარმომადგენელმა, ვისაც სურს ამ ქვის უნარებით და ენერგიით სარგებლობა.